logo
ENG



"მოქალაქეები" ოცნების მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს უჭერენ

01 თებ 202215:17
3 წუთის საკითხავი
 
"მოქალაქეები" ოცნების მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს უჭერენ

მოქალაქეები ქართულ ოცნების მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს უჭერენ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ნახსენები თუნდა იყოს, თუმცა აღნიშნა, რომ "ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად მეტია ვიდრე ტერმინზე გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის".

"ყველა ხომ ვთანხმდებით, ამ დოკუმენტში სიტყვა რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ყველაფერი მოგვარებული და დასრულებულია. მეორე მხრივ, დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტერმინზე გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და უკრაინის ინტერესი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვენი ერთმანეთთან კინკლაობა.

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას, ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამიტომ ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ", - თქვა იოსელიანმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა უკრაინის თაობაზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუციას. 

ოპოზიცია ითხოვდა, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის შესახებ ჩაიწერებოდა. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ წინადადება კენჭისყრაზე არ გაიტანა. დოკუმენტს ახლა პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და, ასევე, ტექსტის სათაურიც. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი ყველა იმ პუნქტს შეიცავს, რომელიც საჭიროა და დოკუმენტი ეხება იმას, რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. 


close დახურვა